კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება ახალ ეტაპზე გადადის – ვინ მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე?!

        კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება ახალ ეტაპზე გადადის – ვინ მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე?! – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ეროსი კიწმარიშვილის საქმე უკვე დასასრულს უახლოვდება.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც კიწმარიშვილის მანქანაში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, პრაქტიკულად დასკვნითი ეტაპი იყო მრავალგზის ჩატარებული სხვადასხვა სახის დათვალიერებისა, თუ ექსპერტიზების შემდეგ.

„მალე პროკურატურამ საქმის საბოლოო კვალიფიკაცია უნდა გამოაცხადოს, რომელიც, დიდი ალბათობით, კვლავაც თვითმკვლელობამდე მიყვანა იქნება.
გარდაცვლილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი ბოლომდე ცდილობს, ყველა ეჭვი ამოიწუროს და ამისთვის წარმოსახვებსაც მიმართავს, თუმცა ემოციურად მისი აბსოლუტურად ყველას ძალიან კარგად ესმის.
წლების წინათ, იმ დროს, როდესაც ბადრი ბიწაძე მთავარი სამხედრო პროკურორი იყო, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი ზაზა ნაყეური. სანამ საქმე გაიხსნებოდა, უამრავი ვერსია გამოითქვა ამ მკვლელობის თაობაზე, რაც, ძირითადად, მისი საქმიანობის გამო ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. ერთი ვერსიით, ისიც ითქვა, ზაზა ნაყეურის მანქანით ზოგჯერ ბიწაძე სარგებლობდა და მისთვის განკუთვნილი ტყვია მოხვდა მის გამომძიებელსო. საბოლოოდ საქმე გაიხსნა, რითაც დადგინდა, რომ ეს რიგითი ყაჩაღური თავდასხმა იყო. იმ დროს ზაზას ოჯახს მეორედ მოუკვდა შვილი…
შესაბამისად, გასაგებია ზურა კიწმარიშვილის პოზიციაც, თუმცა გაუგებარია იმ ტელეკომპანიის მცდელობა, რომ სიტუაცია დამოუკიდებელი ექსპერტების დაპირისპირებად წარმოაჩინოს, რომელშიც ბატონი ზურა მუშაობს“, – წერს სტატიის ავტორი.
„პრაიმტაიმმა“ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწვრილებით აღეწერა სცადა, რისთვისაც დასწრების ეფექტი შექმნეს.
„მარაოსავით გაბნეულია შხეფები წინა მარჯვენა სავარძელზე და კარებზე… წინა სავარძლებს შორის ბარის უკანა მხარეს არის ჩამონაღვენთები. ხოლო ამ ბარის ერთ ნაწილში არის თეთრი ადგილი. ამის მიხედვით, თუ სახეზე მკვლელობა იყო, მაშინ ეროსი კიწმარიშვილს ხელი სწორედ იქ უნდა დებოდა. საკუთარი ხელით გასროლის შემთხვევაში კი ზუსტად იმ ადგილს დაჩრდილავდა მისი მოხრილი მარჯვენა ხელი… ჩამონაღვენთია წინა მარცხენა სავარძლის მარჯვენა კიდეზეც. სისხლია საჭეზე. უკანა მარჯვენა სავარძელზე, მათ შორის მის მარცხენა კუთხეზე. ასევე უკანა მარცხენა სავარძლის მარჯვენა კუთხეზე. ორი წვეთია უკანა მარცხენა სავარძლის წინა ნაწილზე. ყველა შხეფი ეროსი კიწმარიშვილისაა. ეს ექსპერტიზამ დაადასტურა. პროკურატურამ მოიყვანა ორი სტატისტი, ანუ ორი ადამიანი. ერთ-ერთი დასვეს სავარძელში, სადაც ეროსი კიწმარიშვილი იჯდა. ზუსტად იმ მდგომარეობაში, რაც ვიზირებით დადასტურდა – ძლიერად მიბჯენილი საზურგეზე და თავმიდებული ე.წ. პადგალოვნიკზე. მას მარჯვენა საფეთქელზე მიხატული ჰქონდა იარაღის ლულის ზუსტი ზომა. მეორე სტატისტი კი განთავსდა უკანა მარცხენა სავარძელში“, – წერს გამოცემა.

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დამოუკიდებელმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილ კი განმარტავს, რომ სპეციალურად შეირჩა გამხდარი და შედარებით დაბალი ტანის ადამიანი, ვინაიდან რაც უფრო დიდი ზომის იქნებოდა ის, მით მეტად გადაფარავდა შხეფებს.
„მოთავსდა ისე, რომ უკანა მარცხენა სავარძლის მარჯვენა კუთხეში არსებული შხეფები არ გადაეფარა, თუმცა, როგორც კი ამისთვის მარჯვენა ფეხს მარცხნივ გაწევდა, იფარებოდა ის ორი წვეთი, რომელიც ამ სავარძლის წინა ნაწილზე იყო განლაგებული. როდესაც ისე დაჯდა, რომ ეს ორი წვეთი გამოაჩინა, კუთხეში არსებული შხეფები დაფარა. ამ შემთხვევაში, წესით, იქ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი“,- ამბობს ექსპერტი.
– ანუ, ამით გამოირიცხა, რომ უკანა მარჯვენა სავარძელში ვინმე იჯდა?
– თუ ბუნებრივ მდგომარეობაში იყო ის, ანუ ფეხებჩამოშვებული, რა თქმა უნდა, გამოირიცხა.
– რა არის ის არაბუნებრივი მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც ეს სისხლი არ იფარება?
– ზურა (კიწმარიშვილი. – მ.ნ.) დადგა კარებთან ცალი ფეხით, მეორე ფეხი მოკეცა და ასე მისწვდა წინა სავარძელში მჯდომი სტატისტის საფეთქელს…
– ეროსი კიწმარიშვილი ძლიერად იყო მიბჯენილი სავარძლის საზურგეს და თავიც ედო საზურგის ბალიშზე. ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი სიშორით შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი, მას ამ მდგომარეობაში ვინ დააკავებდა?
– ამ მდგომარეობით სავარაუდო მკვლელი მას ვერ დაიჭერდა. ამის გარდა, ბოლოს და ბოლოს, ხელით მაინც ხომ უნდა შეხებოდა რამეს? უცხო ადამიანის კვალი ექსპერტიზით დადასტურებული არ არის. თანაც ამ მდგომარეობაში, რაც ზურამ აღწერა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარები მოხურულია. მასზეც არის შხეფი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შხეფმა იქ დაამთავრა მოძრაობა.
– ანუ გამოდის, რომ იყო თუ არა მანქანაში მკვლელი, ბოლომდე ამოწურული არ არის, ვინაიდან ჰიპოთეტურად მაინც შესაძლებელია, იქ მოთავსდე ისე, რომ სისხლი არ გადაფარო…
– ევროპულ ცივილიზაციას იაპონელები ჩამოკიდებული ფეხების ცივილიზაციას ეძახიან, ვინაიდან უკვირთ, როგორ შეგვიძლია მთელი დღე ვიჯდეთ ისე, რომ ფეხები ჩამოკიდებული გვქონდეს და ზურგი გასწორებული. ამას ვეძახი მე ჩვეულებრივ პოზიციას, თორემ იოგები ფეხებს კისერზე იდებენ. შესაბამისად, ჩვეულებრივ თუ დავსვამთ კაცს იქ, ყველა შემთხვევაში გადაფარავს სისხლს.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რომ უკანა ორი სავარძელი ერთმანეთისგან გაყოფილია?
– რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთიანი სავარძლის შემთხვევაში შხეფების განლაგების სულ სხვა სურათი გვექნებოდა. ამიტომაც არის, რომ კუთხეებშია შხეფების დისლოკაცია. ამ საბოლოო სურათით მეორე პირის ბუნებრივ მდგომარეობაში სალონში არსებობა ირიცხება.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სურათი, ბუნებრივია, საკუთარი ხელით გასროლის შემთხვევაში?
– მოდი, გავაკეთოთ ასეთი დასკვნა, რომელსაც მე, ზაზა ალთუნაშვილმა, კიდევ ორმა ექსპერტმა „სამხარაულიდან“ და რამდენიმემ შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურიდან მოვაწერეთ ხელი – სალონში ბუნებრივ პოზიციაში მეორე პირი ვერ დაჯდებოდა და სროლას ვერ განახორციელებდა ისე, რომ სისხლი არ გადაეფარა.
– მაგრამ ზურა კიწმარიშვილმა მოძებნა მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც სისხლი არ გადაიფარა.
– ეს არ იყო ბუნებრივი მდგომარეობა. ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ ვერც ვერაფრით დავადასტურებთ, რადგან იქ უკვე უნდა წავიდეს სულ სხვა სერია – ბოჭკოები უნდა იყოს ვიღაცის, თითის ანაბეჭდი უნდა არსებობდეს და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც სასამართლო მედიკი, ამის იქით არ წავალ, ვარაუდების სფეროში აღარ გადავალ, რადგან როგორც კი ექსპერტი იძლევა საალბათო პასუხს, როგორც ექსპერტი, იქ მთავრდება.
– ანუ ამის იქით მივდივართ უკვე ჰიპოთეტურ პოზებზე?
– დიახ და ამის იქით მე აღარ წავალ…
– ზურა კიწმარიშვილი განმეორებით ითხოვს ექსპერიმენტს, ვინაიდან ღვედი ადგილზე არ იყო, რადგან გამოსაკვლევად წასაღებად მოიჭრა თავის დროზე. ღვედი რა ინფორმაციას ატარებს?
– ღვედზე იყო სისხლი, მაგრამ მას ისეთი მასალა აქვს, რომ მასზე დაცემული სისხლი იჟღინთება. პირადად მე, ღვედის არსებობა არაფერს მიწყვეტს სასამართლო მედიცინის თვალსაზრისით. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. მისი მოჭიმვით რა შეიძლება ნახონ კრიმინალისტებმა, ეს უკვე მათი საქმეა. ფაქტია, რომ მისი მოჭიმვით თავი მაინც მოძრავი რჩება. ღვედი მას ვერ აჩერებს.
– თუ საგამოძიებო ჯგუფის ორივე ექსპერტმა ერთსა და იმავე ოქმს მოაწერეთ ხელი, რატომ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენი მოსაზრებები საპირისპირო იყო?
– ერთ-ერთმა ტელევიზიამ მართლაც თქვა, რომ აზრები გაიყო. თუმცა ეს ასე არ არის. ამ ტელევიზიამ ჩემი კომენტარის მეორე ნაწილი არ გაუშვა და რატომღაც ამჯობინა, რომ სხვადასხვაობა დაეფიქსირებინა. გულწრფელად გეტყვით, პირადად მე ვცდილობდი, არ შემექმნა წინასწარი განწყობა, მაგრამ მაინც ვარაუდის დონეზე მეგონა, რომ იქ მეორე ადამიანის არსებობა ამ ექსპერიმენტით დადასტურდებოდა, მაგრამ…
– ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, მკვლელი პროფესიონალი იყო და ფლობდა კიდეც სპეციალურ ცოდნას სისხლის გაშხეფების შესახებ…
– საქართველოში სულ ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იციან ჰიდროდინამიკის კანონები. ეს არის ძალიან მაღალი აკადემიური დონე. მაშინ გია ცინცაძე ყოფილა მკვლელი, ან მე. ან უნდა იყოს ვიღაც ისეთი დონის პროფესიონალის კონსულტირებული, რომ ამ ყველაფრის წინასწარ გათვლა შეძლებოდა. ან კიდევ ფიზიკოსი ყოფილა, თან ჰქონდა სასამართლო მედიკური კონსულტაციები მიღებული.

ზაზა ალთუნაშვილი:
– პირდაპირ გკითხავთ – შეიძლებოდა თუ არა მანქანაში, ბუნებრივ მდგომარეობაში მეორე პირი მჯდარიყო?
– ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებს გამომძიებელი. შედგა ოქმი, რომელზეც ხელი მოვაწერეთ. შესაბამისად, მისი გამხელის უფლება არ მაქვს.
– ამ ოქმის შინაარსი ჩვენთვის ცნობილია და უცნაურია, როდესაც იქ ხელს აწერთ, საჯაროდ რატომ ცხადდება, რომ განსხვავებული აზრი გაქვთ?
– სხვათა შორის, მეც გაკვირვებული დავრჩი ინფორმაციის ასეთი სახით გავრცელებაზე, რადგან, პრაქტიკულად, მე ვამბობდი იგივეს, ოღონდ იურიდიული ტერმინებით, რასაც მაია ნიკოლეიშვილი გასაგები ენით ამბობდა. საგამოძიებო ექსპერიმენტი არის ბოლო შედეგი. ამდენი სამუშაოების მერე, ეს არის დასკვნით ეტაპი. შემდეგ ეტაპზე გამოძიება კითხავს ზურა კიწმარიშვილს, რას არ ეთანხმება და ექსპერტებსაც დაგვკითხავს იმისთვის, რომ ამ ექსპერიმენტის დროს შემდგარ ოქმს მტკიცებულების ძალა ჰქონდეს.
– თქვენ ზურა კიწმარიშვილის პოზიციას იზიარებთ ამ შემთხვევაში, თუ იმას, რაც იმ ოქმში წერია, რასაც ხელი მოაწერეთ?
– ახლა თქვენ წინ უსწრებთ იმ დაკითხვას…
– შეიძლებოდა იქ მეორე პირი ყოფილიყო?
– არა. ბუნებრივ მდგომარეობაში მეორე პირი ვერ ისროდა ისე, როგორც ეს ვიზირებით დადგინდა.
– რაც შეეხება არაბუნებრივ მდგომარეობას…
– ის პოზიცია, რაც ზურამ დაიკავა იმისთვის, რომ შხეფები გადაეფარა, მე ვერ დავიკავე…
– თუნდაც იმ მდგომარეობის შემთხვევაში, რაც ზურა კიწმარიშვილმა დაიკავა, შესაძლებელია იარაღის ისე დაჭერა, როგორც წარმოდგენილია გამოძიებაში, თანაც ისე, რომ არც სისხლი გადაფაროს და არც ხელის ნაკვალევი დატოვოს სადმე?
– ამაზე უკვე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, ვინაიდან ეს სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს.
– შეიძლება სპეციალური ცოდნით აღჭურვილ ადამიანს განეხორციელებინა გასროლა?
– მან საიდან უნდა იცოდეს წინასწარ, შხეფები საით წავა?
ერთი სიტყვით, გამოძიება, როგორც ჩანს, მალე იტყვის, რომ მკვლელობა არ დასტურდება, თუმცა ოჯახის წევრებისა და სკეპტიკოსების დასამშვიდებლად ახალი ეტაპის დასაწყისსაც იქვე გამოაცხადებს სახელწოდებით – ვინ და რის ფასად მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი თვითმკვლელობამდე, რაც დაგვეთანხმებით, ალბათ, არანაკლებ მძიმე დანაშაულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები