მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიწის ბალანსისა და მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით განხორციელებული სამუშაოები სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL)მიწის კომპონენტის ხელმძღვანელ ანა კორსთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას ონლაინ ფორმატში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტი ზდრავკო გალიკი ესწრებოდა.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში2023 წლის ბოლოდან საქართველოს მიწის რესურსების შესახებ სივრცითი მონაცემების შექმნა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქვეყანაში მიწის შესახებ არსებული ინფორმაციების შეგროვება/ დამუშავებას, ორთოფოტო გეგმების დეშიფრირებას საქართველოს გეოგრაფიულ მოცემულობასთან ადაპტირებული „კორინის“ კლასიფიკატორის მიხედვით. მონაცემები მიიღება ტოპოგრაფიული რუკების, მიწათსარგებლობის გეგმების, საველე გადამოწმების და სხვა წყაროებიდან. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

შეხვედრაზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა, მხარეებმა სააგენტოს ტექნიკური გაძლიერების ამ ეტაპისთვის არსებული საჭიროებები განიხილეს, იმსჯელეს მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე; დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტის ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და იგი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ თანაბრად ფინანსდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიწის მართვისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი სისტემის მყარი საფუძვლის შექმნას.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების გზით, მიწის საინფორმაციო სისტემის შემუშავება-დანერგვას, ეროვნულ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მასიური შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას, მიწის მდგრადი მართვის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე, მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადებასა და მის აღსრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები