ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამოქალაქო პანაშვიდზე, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას. ისინი ემსახურებოდნენ ქვეყნის ინტერესებს და ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს – მათი მწუხარება ჩვენი საერთო ტკივილია. ჩვენი ვალია არასოდეს დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი, გავაგრძელოთ სწორი სამშვიდობო პოლიტიკის გატარება და მომავალ თაობებს თავისუფალი და გაერთიანებული საქართველო დავუტოვოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც დაღუპულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართული“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 6 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

გადმოსვენებული 2 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები