რა შემთხვევაში განაახლებს აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას – მარკო რუბიომ პირობა დაასახელა

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უკრაინას იარაღისა და დაზვერვის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გაუუქმოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების განბლოკვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

როგორც რუბიომ აღნიშნა, სამხედრო დახმარების აღდგენამდე თეთრმა სახლმა ჯერ უნდა გაიგოს, რა დათმობებისთვის არის მზად უკრაინა.

მანვე დასძინა, რომ კიევი მზად უნდა იყოს „რთული საქმეების გასაკეთებლად, როგორც ამას რუსები გააკეთებდნენ“.

„ვფიქრობ, ზოგადად დახმარების შეჩერების ცნება არის ის, რასაც, იმედი მაქვს, ჩვენ მოვაგვარებთ. ცხადია, რაც ხვალ მოხდება, ამის გასაღები იქნება“, – თქვა რუბიომ.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში უკრაინისა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირების შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა კიევსა და ვაშინგტონს შორის თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები