უკრაინული მედია – რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა
რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაშველების ცნობით, 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 ავტომობილი დაზიანდა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
„ხანძრის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა მეორე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სახანძრო მანქანა დაზიანდა“, – აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.