საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ კუთხით ურთიერთობების განსავითარებლად ძალიან დიდი სივრცეა.
„თურქმენეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და პოზიტიური პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ამ კუთხით არის ძალიან დიდი სივრცე იმისათვის, რომ განვავითაროთ ურთიერთობები. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ გვქონდა საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რომელთანაც არის დაკავშირებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. ასევე ჩვენს მინისტრებს ჰქონდათ საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი არის ძალიან დიდი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ.
მე მქონდა ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი”, – განაცხადა პრემიერმა.