თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ და ამერიკელი ხალხი უკრაინის ომის დაფინანსებით დაიღალა
ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი დაიღალა უკრაინის ომის დაფინანსებით, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევითმა განაცხადა.
მისივე თქმით, თეთრ სახლში მისულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელიდან გაუშვა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეთანხმება და სწორედ ის ტოტი მოჭრა, რომელზედაც იჯდა.
“შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი დაიღალა ამ ომის ანგარიშის გადახდით. პრეზიდენტ ტრამპს სურს, მოლაპარაკება შეთანხმებაზე. და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ზელენსკი ჯერ ამისთვის მზად არ არის.
ზელენსკი უარს ამბობს ამ ომის პრაქტიკული რეალობის აღიარებაზე. ეს გრძელდება წლების განმავლობაში, მისი თანამემამულეები იღუპებიან და ადამიანები, რომლებიც აფინანსებენ ამ ძალისხმევას – ამერიკელი ხალხი – დაიღალნენ ამის დაფინანსებით. უკრაინის პრეზიდენტს გასულ კვირას მხოლოდ რამდენიმე წუთი აშორებდა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერამდე, თუმცა მან სწორედ ის ტოტი მოიჭრა, რომელზედაც იჯდა. აშშ და ამერიკელი ხალხი დაიღალა ამ ომის დაფინანსებით”,- განაცხადა ლევითმა.