არჩილ გორდულაძე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე: ეს აწყობდათ გარკვეულ ძალებს – ერთი, რომ რუსეთის იმიჯი კიდევ ერთხელ შელახულიყო და მეორე, კულებას განცხადება იყო, რომ ჩვენ გარდაცვლილ ადამიანებში უნდა შევხიდებოდით უკრაინელებს

„ეს ყველაფერი აწყობდათ გარკვეულ ძალებს. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის იმიჯი კიდევ ერთხელ შელახულიყო. და მეორე მხრივ, სამხედრო თვალსაზრისითაც შეხიდებოდა, კულებას განცხადება იყო, რომ თურმე ჩვენ გარდაცვლილ ადამიანებში უნდა შევხიდებოდით უკრაინელებს,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ომში ჩათრევას მხარს უჭერდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ოპოზიცია.

„უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრის დონეზე, პრეზიდენტის მრჩეველი, პრეზიდენტის შესაბამისი სამსახურის უფროსი ხელმძღვანელი, დეპუტატები მოგვიწოდებდნენ პირდაპირ, რომ მაგალითად, კარგი ამინდი იყო, რომ ტანკებით გაგვესეირნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოუწოდებდნენ ქართულ საზოგადოებას, რომ ხელისუფლება დაერწმუნებინა, რათა მოხალისეები გაეგზავნა უკრაინაში. ის მოხალისეები, რომლებიც უნდა წასულიყვნენ ჩარტერული რეისით, მთავრობის ნებართვით, რაც თავისთავად ომში ჩართვას გულისხმობდა. ამ დროს ჩვენ გვახსოვს, რომ როგორც აშშ-ს ოფიციალური პირები, ასევე, დიდი ბრიტანეთისა პირდაპირ ეუბნებოდნენ თავის მოქალაქეებს, არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ და არ წახვიდეთ უკრაინაში იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნების ომში ჩართვასო. თუ მოხალისეების ჩართვა მთავრობის ლეგიტიმაციით ომში ჩართვას გამოიწვევდა აშშ-სთვის და ბრიტანეთისთვის, საქართველოსთვის არ გამოიწვევდა?“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაზეც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.
„საზოგადოებას გააცნო ამბავი, თუ რა ხდებოდა ომიდან სულ რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში. როგორ ითხოვდა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მაშინ ჩვენი ქვეყნისგან, რომ ჩართულიყო სანქციებში. და ეს სანქციები არ არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ეკონომიკური შედეგის მომცველი. უზარმაზარი კატასტროფის მომასწავებელი იქნებოდა და შედეგად დადგებოდა დაახლოებით 16-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა ჩვენს ქვეყანაში, რაც კატასტროფაა. ყველაზე გასათვალისწინებელია, რომ თუ რა სანქცია უნდა დაწესებოდა რუსეთის ფედერაციას, ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა საქართველო არ იყო ჩართული. ასე, ბრმად, სუვერენიტეტის, უფლებების სხვაზე გადაცემის გზით უნდა ჩავრთულიყავით ამ სანქციებში, რასაც არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგი მოჰყვებოდა, არამედ მათ შორის სამხედრო ესკალაციის დიდ საფრთხეს ქმნიდა ჩვენი ქვეყნისთვის. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ჯარი, რომელიც ახლაც დგას ჩვენს ქვეყანაში დაიწყებდა მოქმედებას, ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებდა. არც ქალბატონი კელი დეგნანი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები