ირაკლი ქარსელაძე – საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა უზრუნველყოფილია
„როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უზრუნველყოფილია. ასევე, ინტენსიურად და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა უკვე მუნიციპალურ გზებზე,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან გურიაში მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად, გამოწვევები რჩება, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზაციის შედეგად, არის პროგრესი.
„რა თქმა უნდა, ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით მოსულ თოვლს. თუმცა, აქაც არის პროგრესი და დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი ღონისძიების გატარება,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.