უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა „განცხადებას რუსეთის ფედერაციის აგრესიის პირობებში უკრაინაში დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 268 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში შემოღებული საომარი მდგომარეობა არ იძლევა უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად არჩევნების ჩატარების საშუალებას.
ჟელეზნიაკის ცნობით, უკრაინის უმაღლესი რადა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ ამჟამად შეუძლებელია უკრაინაში თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით.
“როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი, უკრაინის უმაღლესი რადა გამოაცხადებს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას ყველა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტის შესაბამისად”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზელენსკი თავისუფალ, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებში აირჩიეს და მის მანდატს უკრაინელი ხალხი და უკრაინის უმაღლესი რადა ეჭვქვეშ არ აყენებს.