„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,”- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოხვაურის, დვაბზუს, თხინვალის, ნაგომრის, დაბა ლაითურის, დაბა ნასაკირალის, დაბა ნარუჯის, დაბა ურეკის, ლიხაურის, ბახვის, მაკვანეთის, ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ქალაქ ოზურგეთსა და სოფლებში თოვლისგან ხელახლა იწმინდება ცენტრალური გზები, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა, მოქალაქეებს დახმარებას უწევენ სამაშველო ჯგუფები. გურიაში იმყოფება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა ტყემალაძე, რომელმაც რეგიონში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან განიხილა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.