გიორგი ჩაკვეტაძე: მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ „ფარას“ ზუსტი ანალოგი, რომელიც არის სიტყვასიტყვით თარგმანი
„მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ „ფარას“ ზუსტი ანალოგი, რომელიც არის სიტყვასიტყვით თარგმანი,“ – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
„ბევრი სკანდალი უკავშირდება სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო დაფინანსებას. ამის ნაწილობრივი პრევენცია მოხდა გამჭვირვალობის ქართული კანონით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ „ფარას“ ზუსტი ანალოგი, რომელიც არის სიტყვასიტყვით თარგმანი და შეეხება იმას რომ ნებისმიერი საერთაშორისო დაფინანსება რომელიც სხვადასხვა ქვეყნისგან ან ორგანიზაციისგან შეიძლება, რომ საქართველოში მოდიოდეს, ამის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. თუკი ვინმეს აქვს რაიმე ეჭვი „ფარასთან“ დაკავშირებით იქნება ეს საერთაშორისო პარტნიორი თუ ადგილობრივი აქტორი, შეუძლია მას რომ მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ან სხვა და სხვა წარმომადგენლობას სადაც „ფარა“ წლებია უკვე მოქმედებს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ფარას ზუსტი ასლია. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.