უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების მესამე წლის თარიღზე, საბჭომ მიიღო ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების ფართო სპექტრის მე-16 პაკეტი,- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი ეხება რუსეთის ეკონომიკის სასიცოცხლო სექტორებს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს რეჟიმის უნარს, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
“უკვე სამი წელია, რუსეთი დაუნდობლად ბომბავს უკრაინას, ცდილობს მოპაროს მიწა, რომელიც მათი არ არის. სანქციების ეს ახალი ეტაპი ეხება არა მხოლოდ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს, არამედ მათ, ვინც მხარს უჭერს არაუსაფრთხო ნავთობის ტანკერების მუშაობას, ვიდეო კონტროლერებს, რომლითაც უპილოტო საფრენი აპარატები იმართება, ბანკებს, რომლებსაც ჩვენი სანქციების თავიდან აცილების მიზნით იყენებენ და პროპაგანდისტულ მედიას, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. ვინ არის აგრესორი, ვინ უნდა გადაიხადოს და პასუხი აგოს ამ ომში, ეჭვგარეშეა. ყოველი სანქციების პაკეტი კრემლს ართმევს თანხებს ომის საწარმოებლად. რუსეთის აგრესიის დასასრულებლად მოლაპარაკებების გამო, ჩვენ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ მდგომარეობაში უნდა დავაყენოთ. სანქციები იძლევა ბერკეტს,- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი 48 ფიზიკურ პირს და 35 ორგანიზაციას შეეხება, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის.