Telegraph: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას ტრამპს წარუდგენს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას წარუდგენს,- ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, დეტალურად განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ ევროპულ ძალებს გააკონტროლონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით შეთანხმება.

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სტარმერი ტრამპს მოუწოდებს, აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ავიაგამანადგურებლები და რაკეტები პასუხის გასაცემად მზად იყვნენ, თუკი რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს.

გამოცემის თანახმად, აღნიშნული გეგმა ევროპელმა ლიდერებმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გამართულ საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს.

“ინგლისურ-ფრანგული გეგმის მიხედვით, 30 000-ზე ნაკლები ევროპული ჯარისკაცი განლაგდება უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები, ახლანდელი ფრონტის ხაზისგან შორს.

ომით განადგურებულ ქვეყანაში გაცილებით დიდი ძალების განლაგების ნაცვლად, მისია დაეყრდნობა „ტექნიკურ მონიტორინგს“, მათ შორის სადაზვერვო და სათვალთვალო თვითმფრინავებს, დრონებსა და თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება“,- განაცხადა დასავლელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურად.

Telegraph წერს, რომ ეს სტრატეგია აგრძელებს რუსეთთან NATO-ს ძალების პირდაპირი დაპირისპირების თავიდან არიდების შესახებ ალიანსის პოლიტიკას.

მედიის ცნობით, სავარაუდოა, რომ ტრამპი შეთავაზებას დათანხმდება, რადგან გეგმა უკრაინაში ომის შემდეგ აშშ-ის ჯარისკაცების გაგზავნას არ მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები