ირაკლი კირცხალია: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ლორა თორნტონის დირიჟორობით, ქვეყანაში აპოკალიფსური სცენარის შექმნა იყო, რაც პირდაპირ ეკონომიკას დაარტყამდა
„დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი ლორა თორნტონის დირიჟორობით, ქვეყანაში აპოკალიფსური სცენარის შექმნა იყო, რაც პირდაპირ ეკონომიკას დაარტყამდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მავნებლურ გეგმას “ქართულმა ოცნებამ” სწორი პოლიტიკა დაახვედრა.
„სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ მანქანა. მათთვის მთავარი მიზანი ლორა თორნტონის დირიჟორობით ამ შედეგების მიღწევა იყო. მათი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად აპოკალიფსური სცენარი შეექმნათ, რაც პირდაპირ ეკონომიკას დაარტყამდა. ამაზე ღიად ბოლომდე ვერ საუბრობენ, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, რომ იყო მოწოდებები ბიზნესის მიმართ და ცრუ მოლოდინებს ქმნიდნენ. მათ მავნებლური გეგმა ჰქონდათ, რაც მათმა კურატორმა თორნტონმა თქვა. „მაკკეინის ინსტიტუტისა“ თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან დავალებების შესრულების მიუხედავად, ამას ვერ მოესწრებიან. მათ მავნებლობას სწორი პოლიტიკა დავახვედრეთ. „დიფ სთეითის“ სასოწარკვეთილი აგენტურა ბოლო კუდებს იქნევს. საქართველოში „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი იყო ჩამოსული, ეს იყო მავნებლური გეგმა, რასაც ამუშავებდნენ ეკონომიკური კოლაფსის შესაქმნელად. ამ მავნებლობის მიუხედავად, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს“, – განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, გამოცემა Civil.ge-მ გამოაქვეყნა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის წერილი სათაურით – „როგორ შეუძლიათ დემონსტრანტებს გამარჯვება?“. როგორც თორნტონი წერს: „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“.