გენადი არველაძე: საქართველოსთვის ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობა შესაძლებლობაა, წავახალისოთ რეგიონული თანამშრომლობა და ენერგეტიკული უსაფრთხოება გავაძლიეროთ

2025 წელს საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა გახდა – ამ ფაქტთან დაკავშირებით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი, ორგანიზაციის სამდივნოსა და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის გამოსვლით გაიხსნა.

„საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობას იწყებს. ეს არა მხოლოდ პასუხისმგებლობაა, არამედ შესაძლებლობა, წავახალისოთ რეგიონული თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და წინ წავწიოთ მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

თავის გამოსვლაში გენადი არველაძემ აქცენტი იმ მიმართულებებზე გააკეთა, რომელთაც საქართველოს თავმჯდომარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მათ შორისაა ენერგოეფექტურობა, საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკულ რეგულაციებთან და ენერგოუსაფრთხოება. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, ენერგეტიკა მხოლოდ სექტორი არ არის – ეს არის ეკონომიკური სტაბილურობის, ინვესტიციების და რეგიონული თანამშრომლობის საფუძველი.

„ჩვენი ერთგულება ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზების, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართ ურყევი რჩება. 2024 წელს ჩვენ ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით – ავამოქმედეთ დღით ადრე და დღიური ბაზრები, რაც ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარზე უმტკივნეულოდ გადასვლის საფუძველს ქმნის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ გაერთიანების წევრებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებზე, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაკეთდა. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის ევროპის ენერგოსისტემასთან ინტეგრაციის პროცესში, მისი განხორციელების კუთხით მუშაობა მონაწილე ქვეყნების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.

საზეიმო მიღების მონაწილეებს მიესალმა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ენერგეტიკის სექტორში და აღნიშნა ქვეყნის ლიდერი პოზიცია გაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის ენერგეტიკული რეფორმების გატარების კუთხით.

მიღებას ასევე დაესწრო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე.

საზეიმო მიღება დასრულდა ქართული ხალხური სიმღერებით, რომლებიც შეასრულა ავსტრიულმა ტრიომ „მეგობრები დუნაიზე“, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერებს 2014 წლიდან ასრულებს.

ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით. საქართველომ, რომელიც ორგანიზაციაში 2017 წელს გაწევრიანდა, პირველად ჩაიბარა მისი თავმჯდომარეობა. აღსანიშნავია, რომ წელს ორგანიზაციის არსებობის 20 წლის იუბილე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები