“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს საზოგადოებამ შეიტყო, არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედება ამ საერთაშორისო დავებში ან არაეფექტური იყო, ან კონტრპროდუქტიული იყო” – სალია
“ბევრი კითხვა არსებობს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს უძღოდა წინ, არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახოს რა სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს კონკრეტული თანამდებობის პირების გამოკითხვა დაიწყო.
„დღეს იყო პირველი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც უკვე დავიწყეთ კონკრეტული თანამდებობის პირების გამოკითხვა. დღეს პირველმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა და აღწერა ის ვითარება, რაც გვაქვს დღეს. ისაუბრა როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე და განხილულ საქმეებზე, ასევე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში არსებულ დავებზე. მან მოგვახსენა კომისიას სტატისტიკის შესახებ, თუ რამდენი დავა მიმდინარეობდა, რამდენი დასრულდა და რამდენი ჯერ კიდევ ღიაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს საზოგადოებამ შეიტყო, ბევრისთვის ეს ცნობილი იყო, მათ შორის ჩვენთვის, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედება ამ საერთაშორისო დავებში ან არაეფექტური იყო, ან კონტრპროდუქტიული იყო და მოწინააღმდეგე მხარის წისქვილზე ასხამდა წყალს. მათ შორის, ყბადაღებული თემა ისკანდერის, რომელიც ძირითადი მტკიცებულება იყო იმისათვის, რომ დაგვემტკიცებინა, რომ რუსეთი ომის დანაშაულს სჩადიოდა, მან მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად საქართველოს ცალმხრივად ჰქონდა შეწყვეტილი საომარი მოქმედებები. ეს მტკიცებულება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამქრალი იყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გახდა უკვე შესაძლებელი ამ მტკიცებულების წარდგენა, რაც ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იყო იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ დასრულებულიყო დავები. დღეს გამოიკვეთა ასევე ის გარემოება, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე საერთაშორისო დავებში აქტიურად იყენებდა საქართველოს მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ომის პირველ დღეებში.
ძალიან ბევრი კითხვა არსებობს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს უძღოდა წინ. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში და შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახოს სისტემატიზებული, დასკვნის სახით, რა სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი “, – აღნიშნა სალიამ.