პროკურორი: ბოლო ეტაპზე დამუქრებაც კი არ იყო საჭირო, უბრალოდ ეუბნებოდნენ – თქვენ თუ ამას არ იზამთ, გაგასამართლებთ და მერე ხომ იცით ციხეში რა პირობებია; ეს ორი ფრაზა უკვე საკმარისი ხდებოდა
“რაღაც შეჯიბრებითობის პრინციპი ჩამოყალიბდა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, ვინ უფრო მეტ ქონებას დააბრუნებდა სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველგვარი გამოძიების გარეშე. ბოლო ეტაპზე საჭიროც აღარ იყო დამუქრება, უბრალოდ ეუბნებოდნენ ასეთ რაღაცას – თქვენ თუ ამას არ იზამთ, გაგასამართლებთ და მერე ხომ იცით ციხეში რა პირობებია. ეს ორი ფრაზა უკვე საკმარისი ხდებოდა”, – განაცხადა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, შესაძლოა ადამიანს ჰქონოდა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ არასწორად, დამახინჯებულად აღქმულმა სწრაფმა მართლმსაჯულებამ ძალიან ბევრი რიგითი მოხელე შეიყვანა შეცდომაში. ყოველგვარი მტკიცებულებების და სამართალწარმოების გარეშე, თუნდაც დამნაშავე პირის რაიმე ფორმით იძულება საკუთრების დათმობაზე, აღარ არის საუბარი როცა უდანაშაულო ადამიანის საკუთრებაში არსებული ქონების ამოღება ხდებოდა სხვადასხვა მეთოდებით.
„ვფიქრობ, რომ ამას ჰქონდა თავდაპირველად ერთგვარი ბრძანება-განკარგულების ხასიათი და შემდგომ უკვე ჩაშლილი იყო ქვედა რგოლებში, როგორც სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკა და უკვე უსიტყვოდ ხდებოდა ამ პოლიტიკის გატარება“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.