რამაზ ჯინჭარაძე – ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე: ეს არ არის სამშენებლო არეალი; აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, რომელმაც ბინა მიიღო და გადავიდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, სადაც წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა და რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
რამაზ ჯინჭარაძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და აღნიშნავს, რომ შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა გაკეთებული თხრილი, ხოლო სახლის დემონტაჟის შემდეგ „ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“.
„სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. შემზარავი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის, სალაპარაკოდაც მძიმეა, მაგრამ ეს არ არის სამშენებლო არეალი. აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა. გვერდით იყო საცხოვრებელი სახლი, რომელმაც ბინა მიიღო და შესაბამისად გადავიდა. ჰქონდა კუსტარულად გაკეთებული თხრილი, სადაც ფეკალური მასა ჩაედინებოდა და შემდეგ რომ მოხდა ამ სახლის დემონტაჟი, ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“, – აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.