მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ბენეფიციარებსა და მათ მშობლებს შეხვდა

„15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა – ჯანდაცვის მინისტრი იმ ბავშვებს შეხვდა, ვინც ონკოლოგიური დაავადებები დაამარცხა, გამოჯანმრთელდა და უკვე სამშობლოში დაბრუნდა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თუ რა გზა გაიარეს და როგორ დაასრულეს მკურნალობა – ამბები პაციენტებზე, მიხეილ სარჯველაძემ, მათი მშობლებისაგან მოისმინა. შეხვედრაზე, ისაუბრეს სამედიცინო შემოწმებებსა და კონტროლზეც, რომლებსაც ბავშვები ისევ საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით გაივლიან.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ბავშვის გამოჯანმრთელება, ყველასთვის, დიდი გამარჯვებაა და სახელმწიფო, ამისთვის, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს.

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას 8 კლინიკაში – „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“, ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, „აჯიბადემის ჰოსპიტალში“, „მემორიალი ჰოსპიტალში“, „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ იღებენ. საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 160 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 101-მა პაციენტმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ხათუნა ჩაჩავა და ფონდის წარმომადგენელი ქეთევან კარტოზია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები