ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა
„15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, გამოჯანმრთელება მიულოცა. მინისტრმა სხვა ბენეფიციარებიც მოინახულა და მათი მკურნალობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
„ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია – ამ მიზნით, გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ღონისძიებას ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელი თინათინ ჩხვიმიანი ესწრებოდნენ.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე – ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად უფინანსდება” – წერია ინფორმაციაში.