საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ანა კალანდაძის დაბადებიდან ასი წლისთავი აღინიშნა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველი პოეტის ანა კალანდაძის დაბადებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა, პოეტებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა ქართული პოეზიის გამორჩეული წარმომადგენლის, პოეტი-აკადემიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს. აღინიშნა ანა კალანდაძის უდიდესი წვლილი მეოცე საუკუნის ქართული პოეზიაში.
საღამოზე ნაჩვენები იყო ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტები. პოეტის ლექსები წაიკითხეს მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
საიუბილეო საღამოს ორგანიზატორებს სამადლობელი სიტყვით ანა კალანდაძის ოჯახის სახელით ქალბატონმა თინა ყანდარელმა მიმართა.
აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოება იქვე გაეცნო საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით გამოცემულ ორწიგნეულს, რომელშიც შედის წიგნი-ალბომი პოეტის ასი ლექსითა და ბადრი ვადაჭკორიას 200 ფოტოთი, აგრეთვე, ანა კალანდაძის ხელნაწერი რვეული, საიდანაც მან საზოგადოებას 1946 წელს პირველი ლექსები გააცნო. გამოცემის იდეისა და პროექტის ავტორია ლიტერატორი და პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები