ვლადიმერ ბოჟაძე აშშ-ის მიერ NED-ისთვის დაფინანსების შეჩერებაზე: წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმ სიმართლეზე, რომელსაც ახლა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს
„ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, აშშ-ის მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდისთვის“ დაფინანსების შეჩერებაზე.
„კარგია, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც წარიმართება. კარგია, რომ NED-ის პროექტები ასევე გაჩერდა საქართველოში და მთელ მსოფლიოში და გაჩერდა მანამ, სანამ არ დადგინდება მათი საქმიანობის რეალური მიზნები, არ დადგინდება ის სავარაუდო სიმართლე სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. მათ შორის NED-ი იყო ძალიან დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი. პირდაპირ აკეთებდნენ ამ განცხადებებს და მითითებებს, მათი დირექტორი მყავს მხედველობაში. გავიხსენოთ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ასევე NED-იდან ფინანსდებოდა. ამიტომ ის სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, ამაზე ახლა უკვე საუბრობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ დაფინანსება შეუჩერა. აშშ-ის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ბრძანებით, სახაზინო დეპარტამენტმა უარი განაცხადა თანხების გაცემაზე.