“წარვუდგენთ მტკიცებულებებს, რომელიც გაგვაჩნია” – ბიძინა გიორგობიანი და ნანა კაკაბაძე მოწმის სტატუსით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ბიძინა გიორგობიანი მოწმის სტატუსით საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გიორგობიანის თქმით, ისინი მტკიცებულებებს წარადგენენ.
„წარვუდგენთ ჩვენს მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელსაც ვთვლით, რომ შესაბამისობაშია იმ მუხლებთან, რომელზეც ჩვენ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. დანარჩენი უკვე იმ უწყებების გადასაწყვეტია, რომელიც ამ გამოძიებას აწარმოებენ თვითონ და კვალიფიკაცია უნდა მისცენ, ჩვენი აზრით, ჩადენილ დანაშაულს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ყოველდღიურად განგრძობადი ხასიათით აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტური პარტიები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ თავიანთ მოკავშირეებთან ერთად“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გენერალურ პროკურატურაში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლები გუშინაც გამოიკითხნენ.