აგრესორმა ქვეყანამ, რუსეთმა შეიძლება, დაიწყოს სრულმასშტაბიანი შეჭრა ლიეტუვასა და პოლონეთში მას შემდეგ, რაც არმიას 150 000 ჯარისკაცით გაზრდის და 2025 წელს ბელარუსში წვრთნებს ჩაატარებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსეთი 2025 წელს გეგმავს არმიის 12-15 დივიზიით გაზრდას, რაც დაახლოებით 150 000 დამატებით ჯარისკაცს შეადგენს.
“მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ მთელი ევროპის დაცვაა. ისინი საკუთარ თავს იცავენ და ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ: თუ ისინი დაიწყებენ სამხედრო წვრთნას ბელორუსიაში, ზუსტად ეს გახდება საფრთხე მთელი ევროპისთვის”,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე მტკიცებით, ევროპის შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა ახლა უფრო მცირეა, ვიდრე რუსული არმია.
უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, თუ რუსეთის არალეგიტიმურ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურდა მშვიდობა და ომის დასრულება, ის თავის არმიას არ გაზრდიდა.