ევროპარლამენტარი: სამშვიდობო მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის იგეგმება და ევროკავშირი განზე რჩება – ვშიშობ, ევროკავშირს ის როლი დაეკისრება, რომ უკრაინაში კრახით დასრულებული პოლიტიკის საზღაური გადაიხადოს
ევროკავშირი უნდა ისწრაფოდეს უკრაინაში მშვიდობისკენ და ომში ჩართულ ყველა მხარესთან ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებაზე. ეს აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ონდრეი დოსტალიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ევროკავშირში უმრავლესობის პოზიცია არის ომის გაგრძელება, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების წარმოება ძლიერი პოზიციიდან შეძლოს, თუმცა ამ კონფლიქტს სამხედრო გამოსავალი არ აქვს , ეს ვერ დაეხმარება ამ ომში მებრძოლ ორივე მხარეს მყოფ ხალხს, რომლებიც იღუპებიან.
სამწუხაროდ, ევროკავშირის პოზიცია უფრო და უფრო სუსტია. სამშვიდობო მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის იგეგმება და ევროკავშირი განზე რჩება. ვშიშობ, ევროკავშირს ის როლი დაეკისრება, რომ უკრაინაში კრახით დასრულებული პოლიტიკის საზღაური გადაიხადოს“, – აღნიშნა ონდრეი დოსტალიმ.
ევროპარლამენტარის თქმით, ომმა ევროკავშირის ეკონომიკაზე ცუდი გავლენა მოახდინა.
„ომმა განსაკუთრებით ცუდი გავლენა მოახდინა ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის ჩეხეთზე. ჩვენი კეთილდღეობა ათწლეულების განმავლობაში დამოკიდებული იყო რუსეთიდან გაზისა და ნავთობის შეუფერხებელ ნაკადზე, ასევე აღმოსავლეთით ჩვენს ექსპორტზე. თუმცა, ახლა ომის გამო, უკრაინა აღარ ასრულებს ხიდის ფუნქციას და ჩვენი ეკონომიკა უკუსვლას განიცდის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ონდრეი დოსტალი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და დასავლეთის შეთანხმება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს დაასრულებს.
„პირადად მე, უკრაინის ომს ვხედავ, როგორც ერთ-ერთს იმ რამდენიმე კონფლიქტიდან, რომელიც ამერიკის ანუ დასავლეთის უნიპოლარიზმის, ჰეგემონიის დასასრულის პერიოდიდან წარმოიშვა. უკრაინა ამ ომში არის მსხვერპლი. მე ვფიქრობ ეს არის „პროქსი ომი“ რუსეთსა და დასავლეთს შორის და მხოლოდ მათ შორის შეთანხმება დაასრულებს ამ კონფლიქტს, რის შემდეგაც უკრაინა შეძლებს უკვე თავი დააღწიოს ამ ტრაგედიას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.