“დადასტურდა, თუ რაში არის საქართველოს ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ სიძლიერე. ჩვენი სიძლიერე არის სიმართლეში, რომელსაც, საბოლოოდ, თავისი თავი ყოველთვის გააქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა USAID- ის დაფინანსებაზე საუბრისას, „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით შარშან, შარშანწინ და რის გამოც დონორებმა ააჯანყეს საკუთარი ენჯეოები ვნახეთ, რომ თავად აშშ- ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა და ამ მხრივ დადასტურდა ყველა ის ეჭვი და ბრალდება, რომელიც ჩვენ გვქონდა საჯაროდ და რომელზეც ჩვენ დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებოდით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს თუ დონორებს.
ვფიქრობ, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კიდევ უფრო შორს მიდის, კიდევ უფრო მკაფიოა. რა თქმა უნდა მას უფრო დეტალური ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რაში იხარჯებოდა თანხა. ხედავს ყოველ ცენტს და შესაბამისად ის რეაქციები, რასაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის ადმინისტრაციისგან. ადასტურებს თუ რამხელა კატასტროფულ მდგომარეობასთან გვქონდა ამ მხრივ საქმე.
ჯერ 20 დღეც არ არის, რაც პრეზიდენტი ტრამპი არის თეთრ სახლში. დასაწყისი მართალია კარგია, აქტიურია და შედეგებს მხილების სახით უკვე ვხედავთ, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს მთავარი შედეგი, რა დადგება ამ ყველაფრის შემდეგ. შეწყდება თუ არა ამერიკელი ხალხის ფულის ხარჯვა სხვა ქვეყნებში არეულობისთვის, შფოთის შეტანისთვის და ა.შ.
სადაც ამერიკული ფული იხარჯებოდა ჭეშმარიტი მიზნების საწინააღმდეგოდ, იქ დიდი შანსია, რომ ევროპული ფულიც ასევე იხარჯებოდეს. რა თქმა უნდა ვიცით ამის მაგალითები. ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ამის საუკეთესო მაგალითი. ფონდი, რომელიც სპეცსამსახურის მეთოდებით იატაკქვეშ მუშაობს საქართველოში, ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს და მიუხედავად მრავალგვარი მცდელობისა, მათ შორის ჩემი მხრიდან და წერილობითი მიმართვისა ევროკავშირის საელჩოს მიმართ, ჩემი პირადი საუბრებისა ბრიუსელის ბიუროკრატიის სხვადასხვა დონეზე, შედეგს ვერ მივაღწიე, სპეცსამსახურივით ჩაკეტილი ორგანიზაციაა, რომელიც მავნე მიზნებისთვის მოქმედებს საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.