პრემიერი: უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად მთავრობამ ეტაპობრივად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო, ინვესტიცია გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ზამთრის სპორტული კულტურის პოპულარიზაციაზე
“უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად მთავრობამ ეტაპობრივად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო, ინვესტიცია გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ზამთრის სპორტული კულტურის პოპულარიზაციაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში, გარდა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა, ამ ზამთარს არაერთი ღონისძიება ტარდება, მათ შორის, დაგეგმილია მსოფლიო დონის რამდენიმე ტურნირი გუდაურსა და მესტიაში.
მისივე განცხადებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამ ღონისძიებების მასპინძლობისთის საუკეთესო პირობები შეექმნა – სპორტული ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, კომფორტული სასტუმროებით დამთავრებული.
„ეს არ არის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც ამ ზამთარს საქართველოში ტარდება. ამ თვეში ასევე დაგეგმილია მსოფლიო დონის რამდენიმე ტურნირი ჩვენს სხვა კურორტებზეც – გუდაურსა და მესტიაში. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე ქვეყანას, დელეგატებს, მისიების ხელმძღვანელებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მათთვის საუკეთესო პირობები შეგვექმნა – სპორტული ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, კომფორტული სასტუმროებით დამთავრებული. უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად მთავრობამ ეტაპობრივად ასეულობით მილიონი ლარი გამოყო. ეს ინვესტიცია გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ზამთრის სპორტული კულტურის პოპულარიზაციაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ახალი ყინულის მოედანი, ბიატლონის სტადიონი, რომელიც ასევე აღჭურვილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასროლეთი სისტემით და ბათუმის ყინულის სასახლე, რომლებიც სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
“ბაკურიანი 2025” ინოვაციურიცაა – პირველად ფესტივალის ისტორიაში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი. ამასთან, იგი გარემოსდაცვით მაგალითსაც აჩვენებს – “ოქროს ტყეში” ყველა ოქროს მედალოსნის სახელზე ხეები დაირგვება.
დარწმუნებული ვარ, ფესტივალი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდ სახელს მოუტანს და მომავალ თაობებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა. თითოეულ სპორტსმენს – წარმატებებს, გულშემატკივარს კი დაუვიწყარ სპორტულ სანახაობას ვუსურვებ,”- აღნიშნა პრემიერმა.