ალექსანდრე წულაძემ საქართველოში სომხეთის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ საქართველოში სომხეთის ელჩთან, აშოტ სმბატიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა” – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
„მინისტრმა მადლობა გადაუხადა სომხეთის ელჩს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების განვითარებაზე, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობასა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული უნიკალური და მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
ალექსანდრე წულაძემ ხაზი გაუსვა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის ფუნქციონირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ცენტრის გახსნა ქართველოლოგიის მიმართულებით სასწავლო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებისა და აკადემიური ცოდნის გავრცელების კუთხით მეტად მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების სრული მზაობა გამოთქვა და მინისტრს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები ქვეყნებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ” – ნათქვამია ინფორმაციაში.