საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივი პროექტის (GESIP) დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
„კაჭრეთი ამბასადორში“ საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივი პროექტის (GESIP) დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
„საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტი (Georgian-Swiss Intellectual Property Project (GESIP)) საქართველოში, შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით, შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ ინსტიტუტსა (IPI) და საქპატენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, 2022 წლის 1 აგვისტოდან ხორციელდება.
პროექტის ძირითადი მიზანია საპატენტო სფეროში დამატებითი სერვისების დანერგვა, საპატენტო ძიებებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან ხაზი გაუსვა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი დაცვის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გაამახვილა, პროექტის ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებზე და ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუციური გაძლიერების როლზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში.
ღონისძიებაზე აღინიშნა საქპატენტის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული საქმიანობა. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 21 სექტემბერს მიღებული „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მნიშვნელობას, რომელმაც განსხვავებულად დაარეგულირა გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციის პროცედურა, რომელშიც საქპატენტთან ერთად ჩაერთვება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია.
აღნიშნულმა კანონმა გაზარდა მეწარმეთა გაერთიანებების ფუნქციები და ხელი შეუწყო მათ გაძლიერებას. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ჩამოყალიბდა საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტის კონტროლის სისტემა. ეფექტიანი პოლიტიკის შედეგად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ გასულ წელს საქპატენტმა კიდევ 5 უნიკალურ ქართულ პროდუქტს მიანიჭა გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი.
ღონისძიების მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შეაჯამეს მიღწეული შედეგები. მათ შორის აღსანიშნავია საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების მწარმოებელთათვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით და, ასევე, მოქმედების თავისუფლების (FTO) ძიების შესახებ საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარებული სპეციალური ტრენინგები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს GESIP-ს მიერ საქპატენტისთვის გაწეული სამართლებრივი მხარდაჭერა გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, GESIP პროექტის კოორდინატორი მარიამ სვანიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩიტაძე, საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან მჭედლიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილი. გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციასა და მართვაში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის შვეიცარიულ გამოცდილებაზე ისაუბრა შვეიცარიის ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის (FibL) წარმომადგენელმა ტობიას აიზენრინგმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: შვეიცარიის საელჩოს ეროვნული პროგრამების ოფიცერი რატი ანჯაფარიძე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია, სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA-ის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი თამარ ნიკოლოზაშვილი, აგრეთვე, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.