უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის თვითმფრინავების კიდევ ერთი პარტია მიიღო
ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გარდა, უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების კიდევ ერთი პარტია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„უკრაინის ცა უფრო უსაფრთხო ხდება! უკრაინის საჰაერო ძალებმა დიდი ხნის ნანატრი გაძლიერება მიიღეს – პირველი ფრანგული Mirage 2000 გამანადგურებელი თვითმფრინავი და F-16 ნიდერლანდების სამეფოდან. ეს თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი უკვე ჩამოვიდა უკრაინაში და მალე დაიწყებს საბრძოლო მისიების შესრულებას, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვას და აძლიერებს ჩვენს უნარს ეფექტურად დავუპირისპირდეთ რუსეთის აგრესიას“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წვლილისთვის – Mirage 2000 გახდება „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ახალი ელემენტი“.
„ნიდერლანდების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გვაახლოებს გამარჯვებასთან და უზრუნველყოფს უკრაინის ქალაქებისა და მოქალაქეების საიმედო დაცვას. ჩვენ ვაგრძელებთ სისტემატურ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან უკრაინის თანამედროვე საბრძოლო ავიაციის ფლოტის შემდგომი გაფართოებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა უმეროვმა.
საჰაერო ძალებმა ასევე მადლობა გადაუხადეს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.
როგორც Ukrinform-ი იუწყება, უკრაინამ F-16-ის ტიპის პირველი მოიერიშე თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან გასული წლის ოქტომბერში მიიღო.