კახა კალაძე: მიღებულია გადაწყვეტილება, ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ ზუსტი ასლის მიღების თაობაზე
„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ USAID-ის კრიმინალური საქმიანობის გამოაშკარავების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA) ანალოგიური კანონპროექტის ინიციირების შესახებ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, დღეს უკვე ცხადი გახდა ის, თუ საიდან შემოედინებოდა თანხები საქართველოში და რას ხმარდებოდა ეს რესურსები.
„გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, ძირითადად მიმართული იყო პოლარიზაციისკენ, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისკენ და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ. ამის ბევრი მაგალითი გვახსოვს, თუმცა, გარკვეული ადამიანების ჯგუფებს არ სჯეროდათ და ხან იუმორით, ხანაც დაცინვით გვპასუხობდნენ. ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა USAID-ის შესახებ, მგონია, რომ ყველაფერი ცხადი გახდა. კერძოდ ის, თუ საიდან შემოედინებოდა ეს თანხები, ვინ იდგა იმ რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების უკან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ზუსტად ისეთი კანონის ამოქმედების შესახებ, როგორიც დღეს აშშ-ში ფუნქციონირებს.
„იქნება კოპირება, ასლი, რომ რაიმე კითხვები არ გამოიწვიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.