ირანის საგარეო უწყება: ტრამპის გეგმა ღაზას შესახებ პალესტინელი ერის გასანადგურებლად არის მიმართული
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებულ „შოკის მომგვრელ“ გეგმას ღაზას სექტორის დაპყრობისა და პალესტინელების „იძულებით გადაადგილების“ შესახებ,- ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
უწყების ცნობით, ტრამპის გეგმა არის პალესტინელი ერის განადგურების მცდელობა.
„ღაზას გაწმენდის და პალესტინელი ხალხის მეზობელ ქვეყნებში იძულებით გადასახლების გეგმა განიხილება სიონისტური (ისრაელის) რეჟიმის მიზანმიმართული გეგმის გაგრძელებად, პალესტინელი ერის სრული განადგურების მიზნით და კატეგორიულად უარყოფილია და დაგმობილია ჩვენ მიერ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაქაეიმ.
მისივე თქმით, ხალხი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია საოკუპაციო რეჟიმის უმძიმეს დანაშაულებებსა და აგრესიას ბოლო 76 წლის განმავლობაში და უარი თქვა „საგვარეულო მიწის“ დატოვებაზე, აშშ-სა და ისრაელს უფლებას არ მისცემს, გაანადგურონ მათი ეროვნული და ისტორიული იდენტობა.