მამუკა მდინარაძე: პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას
“ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა ლობირება დაფინანსების რევოლუციისა საქართველოში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განაცხადა, საიდანაც ირკვევა თუ რა გზებით შემოდიოდა საქართველოში USAID-ის დაფინანსება და რას ხმარდებოდა ის.
მისი თქმით, ამერიკელი გადამხდელების ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას და ამაზე აშშ-ის საელჩო დუმს.
„პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას. სამწუხაროა აშშ-ის საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად სცდება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას. გუშინ, საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით თუ რა მიდგომებს და ღირებულებებს იზიარებენ ისინი ტრამპის თუ რუბიოსი, რომელიც არის მათი უშუალო ხელმძღვანელი. არცერთი სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, თუ რა დამოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს. მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებთან და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რა დამოკიდებულება აქვთ? გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, USAID-ის ასე მავნებლურ ნახარჯ თანხებთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, ის რომ ქვეყნებმა საკუთარი საკითხები თავადვე უნდა გაარკვიონ? არცერთი სიტყვა სამწუხაროდ არ იყო, რეალურად იმ შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ აშშ-ის საელჩო იზიარებს პრეზიდენტი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას, ეს უნდა იყოს გახმოვანებული მისი მხრიდან.
„ასევე, დაუჯერებელია საელჩო ცდილობდეს, რომ „დიფ სთეითის“ აგენტურა სხვანაირად მოქმედებდეს და ისინი თვითნებობას აგრძელებდნენ. წარმოუდგენელია. თუ ისინი იმ ხალხს, რომლებიც დღეს ქუჩის პროტესტს აორგანიზებენ მიუთითებენ, ერთ წუთში დამთავრდება ის მავნებლობა, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“. იმ ხალხის მოქმედებები და საელჩოს განცხადება თანხვედრაში არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიდგომებს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.