მამუკა მდინარაძე: კომისიამ თავისი სახელი უნდა დაარქვას აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ხვალ „ნაცმა“ კვლავ ვერ შეძლოს პრეტენზიის განცხადება ხელისუფლებაზე
“როგორც ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ფაშისტები ვეღარ ბედავდნენ განეცხადებინათ პრეტენზია ხელისუფლებაზე, ასევე ვერ უნდა გაბედოს ვერცერთმა „ნაცმა“, რომ ხელისუფლებაზე განაცხადოს პრეტენზია”, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიამ თავისი სახელი უნდა დაარქვას აბსოლუტურად ყველაფერს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ გუშინდელ ნათქვამ სიტყვას, „ნაცი“ არ ნიშნავს მხოლოდ 5 ნომრის ქვეშ გაერთიანებული პარტიის წარმომადგენლებს. ვიღაცები თავს რომ იმართლებენ, მე „ნაცი“ არ ვარ, თუ „ნაცის“ შეხედულებას, მის წარსულს, აწმყოს და მომავალს იზიარებ, თუ მის დატრენინგებულ ხალხთან ერთად ტრიალებ, თუ ამ ტრენინგის შედეგად დაგეგმილ აქციებში მონაწილეობ, „ნაცი“ ხარ, ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, „ნაცმა“ ხელისუფლებაზე პრეტენზია არ უნდა განაცხადოს, იმიტომ, რომ ეს იყო უსასტიკესი რეჟიმი და უსასტიკესი მომავლის განმაპირობებელი ხალხი, თუ ერთი წამით მაინც, თეორიულადაც დავუშვებთ, რომ მათ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა შეძლონ. ამიტომ, ამ კომისიამ თავისი სახელი უნდა დაარქვას აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ხვალ „ნაცმა“ კვლავ ვერ შეძლოს პრეტენზიის განცხადება ხელისუფლებაზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.