მიხეილ ყაველაშვილი – ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, კვლავ გვჭირდება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ერთობა

ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხის ნება, სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები; გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ამ პერიოდში, ქართველმა ხალხმა რეალურად იგრძნო, თუ რას ნიშნავს ქვეყანაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე იცავდეს და უფრთხილდებოდეს თავის წილ საქართველოს, ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით და იდგეს სამშობლოს სამსახურში. ამ პროცესების გააზრება გვარწმუნებს, რომ სამშობლოზე ზრუნვა და მოფრთხილება საჭიროებს მუდმივ, უწყვეტ პროცესს ქართული საზოგადოების მხრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, წინ გველის უფრო დიდი აღმავლობის, გაძლიერებისა და გაერთიანების პერიოდი. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, კვლავ გვჭირდება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ერთობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განადგურებას გადაარჩინა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები