მედია: სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოითხოვა
სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოითხოვა,- ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ სირიულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სირიის ახალმა ფაქტობრივმა ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ მოსკოვს ასადის გადაცემა მოსთხოვა.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, დამასკო რუსეთისგან, რომელიც სამოქალაქო ომში ასადს უჭერდა მხარს, ითხოვს ნდობის აღდგენას კონკრეტული ზომების გზით, როგორებიცაა კომპენსაცია, რეკონსტრუქცია და აღდგენა.
კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა არ დაადასტურა, მოითხოვა თუ არა სირიის ახალმა მთავრობამ რუსეთისგან ასადის გადაცემა და კომპენსაციის გადახდა.
მედიის ცნობით, რუსეთი, რომლის ჯარები და საჰაერო ძალები წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს ასადს სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი საზღვაო ბაზა ტარტუსში და ხმეიმიმის საავიაციო ბაზა ქალაქ ლატაკიის მახლობლად.
28 იანვარს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ხელმძღვანელობდა, სირიის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა უნდა მოიცავდეს წარსული შეცდომების გამოსწორებას, სირიის ხალხის ნების პატივისცემას და მათი ინტერესების დაცვას.
სირიული წყაროს თქმით, რუსები არ იყვნენ მზად ასეთი შეცდომების აღიარებისთვის და ერთადერთი შეთანხმება, რასაც მიაღწიეს, მოლაპარაკებების გაგრძელება იყო.