Reuters: ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
გამოცემის ცნობით, ინდოეთისა და ჩინეთის გადაწყვეტილებით, რუსული ნავთობის შესყიდვა დროებით შეჩერდება, რადგანაც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო გაზრდილია იმ ტანკერების მომსახურების ხარჯები, რომლებსაც შეზღუდვები არ ეხებათ.
როგორც ცნობილია, წყნარი ოკეანის პორტ კოზმინოდან ექსპორტირებული რუსული ნედლი ნავთობის, ESPO-ს ფასი, ICE Brent-თან შედარებით, ბარელზე 3-5 დოლარით გაიზარდა.
ცნობისთვის, 10 იანვარს აშშ-მა დაამტკიცა სანქციების ყველაზე ფართო პაკეტი, რომელმაც გავლენა მოახდინა რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. ამ შეზღუდვებმა გამოიწვია ტანკერებით ტვირთის გადაზიდვის ღირებულების ზრდა, რადგანაც ზოგიერთმა მყიდველმა და პორტებმა ჩინეთსა და ინდოეთში უარი თქვეს სანქცირებული გემების მიღებაზე.
„როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი გასულ კვირას ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა და დღეში 717 ათასი ბარელი შეადგინა. რაც შეეხება ინდოეთს, რუსული ნედლი ნავთობის მიწოდების შეფერხება დღეში 450 ათას ბარელამდე აღწევს.