პუტინი: უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის კანონიერი გზა არსებობს, მაგრამ კიევს ამის სურვილი არ აქვს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის კანონიერი გზა არსებობს, მაგრამ კიევს ამის სურვილი არ აქვს.
პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს ართულებს ზელენსკის „არალეგიტიმურობა“, რადგან იგი მანდატის ვადის გასვლის შემდეგ რჩება ხელისუფლებაში და არ აქვს დოკუმენტების ხელმოწერის უფლებამოსილება.
„მოლაპარაკებების გამართვა ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო ზელენსკის არ შეუძლია რაიმეს ხელმოწერა. მას თუ სურს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მე გამოვყოფ ადამიანებს, რომლებიც გამართავენ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებების გამართვის და კომპრომისული გადაწყვეტის მოძებნის სურვილი თუ არის, ამ მოლაპარაკების წარმართვა ნებისმიერს შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ, მივიღოთ ის, რაც გვაწყობს და დააკმაყოფილებს ჩვენს ინტერესებს. რაც შეეხება ხელმოწერას – ჩვენ გვჭირდება იურიდიული ექსპერტების დადასტურება იმ ადამიანების ლეგიტიმურობის შესახებ, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფო დაავალებს ამ შეთანხმებების დადებას. თუ მათ სურთ წინსვლა, არსებობს კანონიერი გზა.
დაე, რადამ იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად. თუ სურვილი არსებობს, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის გადაჭრა შეგვიძლია, თუმცა ჯერჯერობით ასეთ სურვილს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა პუტინმა.