ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
სეს -ს ინფორმაციით, შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა, ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება). დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს.
შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე.