ქუთაისში დაიბადა. პროფესიით ინჟინერია. ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა, ქსოვდა ჩხირებით, ყაისნაღით, ჯვარედინი ტექნიკით შესრულებული საკმაოდ ბევრი ნაქარგი დაუგროვდა.
2006 წლიდან ცხოვრობს იტალიაში. მომავალი მეუღლე იტალიაში გაიცნო.
ნიჟარებამდე სამკაულებს ქმნიდა. ნიჟარების დამზადება კი 3-4 წელია დაიწყო. ნამუშევრების უმრავლესობა ლამაზი და დახვეწილია… ამბობს, რომ ყველა უყვარს და ვერცერთს ვერ გამოარჩევს, – ხელოვან შორენა ხუჯაძის პერსონა.
– ქსოვა დედისგან ვისწავლე და ცოტა კერვაც. ყაისნაღით ქსოვა დედაჩემმა მასწავლა. ბევრი მაქვს ნაქარგიც, თუმცა გამორჩევა მიჭირს, ყველა მიყვარს. სამკაულებსაც ვაკეთებდი 2007 წლიდან.
– 2006 წლიდან იტალიაში ცხოვრობთ. აკეთებდით სამკაულებს, რომლებსაც იტალიაში იძენდნენ. ნიჟარებს 3-4 წელია ამზადებთ…
– ზღვაზე ყოველთვის ვაგროვებდი და ვფიქრობდი, რამე შემექმნა, მაგრამ, ძირითადად, ქარგვით ვიყავი დაკავებული. ერთ მშვენიერ დღეს კი გამოვალაგე ეს ნიჟარები და დავიწყე ყვავილების გაკეთება. მშვენიერი გამოვიდა, ჩემს ფეისბუქგვერდზე რომ დავდე, დიდი მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ მომეცა სტიმული, რომ კიდევ გამეკეთებინა რამე. და ასე თანდათან ჩემით ვისწავლე.
როცა მინდა, რომელიმე ფრინველის გაკეთება, ჯერ ვხატავ ფურცელზე, მაგრამ როგორი გამოვა და რომელ ნიჟარას გამოვიყენებ, წინასწარ არ ვიცი. ნიჟარებს კეთების პროცესში ვარჩევ.
ეს ყვავილები დავიწყე სხვისთვის საჩუქრად, მაგრამ რომ დავამთავრე, ისე მომეწონა, ვეღარ გავიმეტე გასაჩუქებლად. იმ ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, სხვა დავამზადე.
ძალიან მომწონს ეს ფლამინგოც. დიდხანს ვფიქრობდი ამის გაკეთებას და დაწყების მეშინოდა, მეგონა, რომ კარგი არ გამომივიდოდა, მაგრამ ბოლოს კმაყოფილი დავრჩი. აქ გამოყენებულია უიშვიათესი წითელი ნიჟარები.
– პირველი შემფასებელი?
– მეუღლე და ჩემი გოგონა, თუკი სახლში არიან დასრულების დროს. თუ არადა, ფეისბუქზე ვინც პირველი ნახავს მეგობრებიდან.
– იტალიელი მეუღლე გყავთ. როგორ აფასებს თქვენს შემოქმედებას?
– მეუღლეს ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ძალიან მოსწონს ჩემი შემოქმედება. თუ რამე მასალა შემომაკლდა (წებო ან ჩარჩო), მაშინვე მიდის საყიდლად.
ჩვენი 7 წლის გოგონა 3 წელია დადის ცეკვის სკოლაში. ჩემსავით უყვარს ხელსაქმე. ბევრ ჩემს ნამუშევარში გამოვიყენე მისი შექმნილი ყვავილები ნიჟარებით. ქართულად კარგად ვერ საუბრობს. ძნელია ქართულიო, – ამბობს. არადა პირველად ქართული ისწავლა და მერე იტალიური. როცა მამამისს ქართულად ესაუბრებოდა, მე ვიყავი მამა-შვილის თარჯიმანი.
– ჰობი…
– ჰობი, ჯერჯერობით, ნიჟარებია. ნიჟარებმა მიმატოვებინა ქარგვა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ კიდევ ბევრი რამის შექმნას ვისურვებდი.
თამარ შაიშმელაშვილი