მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს

“ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის შუალედურ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„არჩევნებთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები მაშინ, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს, მერე ორი კაცი დარჩა და თქვეს, მოდი, ახლა დავიშალოთო. რატომ? იმიტომ, რომ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს. ასეულობით ლიდერი ჰყავს, თუ ათასობით არა, „ენჯეო“-სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და ათიათასობით წარმომადგენელი ჰყავდა საარჩევნო უბნებში. საღამოს შამპანურებიც გახსნეს მოგებასთან დაკავშირებით. თუ გაყალბდა [არჩევნები], ხომ უნდა სცოდნოდა ყველას და ეგრძნოთ თავის თავზე. იქიდან გამომდინარე, ნახეს, რომ წააგეს, მერე შემოატრიალეს და თქვეს, რომ რაღაც გაყალბდა. ვერ დაამტკიცეს იმიტომ, რომ არ იყო ამის მტკიცებულებები. აქედან გამომდინარეობს, რომ ეუთო/ოდირმაც ობიექტურად დაწერა დასკვნა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები