სოზარ სუბარი: ჯარისკაცები და ოფიცრები იბრძოდნენ სამშობლოსთვის – ამიტომაც ბუნებრივია მათ არ ეხებათ არანაირი გამოძიება
“ჯარისკაცები და ოფიცრები იბრძოდნენ სამშობლოსთვის. ისინი იცავდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი იბრძოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ. ამიტომაც ბუნებრივია მათ არ ეხებათ არანაირი გამოძიება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომლითაც სამხედროების გასამართლების ალბათობასთან დაკავშირებით, ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ კი რომელიმე სამხედრო პირს ექნება სურვილი, რომ მოწმედ წარდგეს საგამოძიებო კომისიის წინაშე, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება.
„შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს ვინმეს და თვითონ მოინდომოს მოწმედ მოსვლა და ჩვენების მიცემა. ეს აბსოლუტურად სხვა საქმეა. მაგრამ ის, რომ თავიდან არ აიცილა ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ, არამედ ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ომში ჩართულიყო, ამის ყველა მტკიცებულება არსებობს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იქნებოდა წაგებული, ჩვენ რომ არ დაგვეწყო თანამშრომლობა მასთან. და როცა დავიწყეთ თანამშრომლობა, სააკაშვილის ხელისუფლება ჩვენ გვეუბნებოდა, რომ შეგვეწყვიტა ეს თანამშრომლობა. სისხლის სამართლის სასამართლო ისეთი თემაა, სადაც გამოძიება გრძელდება მიუხედავად იმისა, შენ თანამშრომლობ თუ არა. და შენ თუ არ თანამშრომლობ და არ წარადგენ მტკიცებულებებს, მაშინ ის მოგიბრუნდება შენ და საქართველო იქნებოდა გამტყუნებული. ჩვენ სწორედ იმიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა, რომ უნდა მოგვეგო ეს საქმე აუცილებლად და ამიტომ გადავდეთ ამდენი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების დაწყება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.