“ხშირად სვამენ კითხვას, თუ რატომ ახლა და არა აქამდე, რა გვიშლიდა ხელს? ხელს ძალიან ბევრი რამე გვიშლიდა, მათ შორის ისიც, რომ ქართული სახელმწიფო, ჩვენი სუვერენიტეტი არ იყო იმდენად მყარი, რომ ის ნაბიჯები გადაგვედგა, რომლებიც საჭიროდ მიგვაჩნდა”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ საქართველოში სჩადიოდა სისტემურ დანაშაულს, ამ სისტემის შემქმნელს კი სჭირდება გასამართლება.
„ეს ერთი და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სასამართლოებში მიდიოდა საქმე საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი საჭიროების განხილვა, ეს იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და ეს იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ორივე სასამართლო დამთავრდა საქართველოს უპირობო გამარჯვებით, სასამართლოები ახლაც გრძელდება, ეს არის უკვე სასამართლოები სტრასბურგში, სადაც რუსეთის ეგიდით ცხინვალში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები უჩივიან ქართულ სახელმწიფოს რუსეთის მიერ წაქეზებით, მაგრამ პრინციპში ეს უკვე აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი საქმე იმიტომ, რომ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო სტრასბურგმა და რომლითაც საქართველომ გაიმარჯვა და უპირობოდ იქნა აღიარებული, რომ რუსეთი არის აგრესორი და რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები უკვე პრაქტიკულად წინასწარ არის გადაწყვეტილი ყველა შემდგომი სარჩელის ბედი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული. ასე რომ, ეს აღარ არის მნიშვნელოვანი. მეორე, ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით და ვლაპარაკობთ იმ სისტემურ დანაშაულზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ეს არის დახვრეტები ქუჩაში ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ეს არის სისტემური წამება ციხეში, ეს არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სისტემური დანაშაულები, ღამის ნოტარიუსები გვახსოვს და ქონების გადაფორმებები, როდესაც „დაუძლეველი სურვილი აღეძვრებოდათ“ საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, რომ მთელი თავისი ქონება უნდა ეჩუქებინათ რატომღაც სახელმწიფოსთვის და ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. მაგრამ პირველად, სწორედ შარშან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში სჩადიოდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს. როდესაც დანაშაული არის სისტემური, რომელიც სისტემატურად ანუ მუდმივად ხორციელდება ამას ქმნის სისტემა და ამ სისტემის შემქმნელს სჭირდება გასამართლება. უნდა დავადგინოთ ვინ შექმნა სისტემა, რა იყო ეს სისტემა, რომ შესაბამისად ყველაფერს დაერქვას სახელი“, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.