თენგიზ შარმანაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის ისჯება, როგორც თავისუფლების აღკვეთით, ისე ჯარიმით

“ყველა ის ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება ამ კომისიაზე შესაბამისი განმარტებების მისაცემად და ისინი არ გამოცხადდებიან, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება და ისინი სისხლის სამართლის წესით აგებენ პასუხს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა “დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლი ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის ისჯება, როგორც თავისუფლების აღკვეთით, ისე ჯარიმით და ასევე, თუ თანამდებობის პირთან გვაქვს საქმე თანამდებობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. ასე რომ, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება ამ კომისიაზე შესაბამისი განმარტებების მისაცემად და ისინი არ გამოცხადდებიან, მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება და ისინი სისხლის სამართლის წესით აგებენ პასუხს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაკომპლექტდება ეს კომისია.

„ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, კომისიის შემადგენლობა ცნობილი არ არის. საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე არის საკმაო დრო, ჩამოყალიბდება უმრავლესობა, ჩამოყალიბდება ფრაქცია და განისაზღვრება ის შემადგენლობა, რომელიც წარმოადგენს უმრავლესობას ამ კომისიაში“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები