თენგიზ შარმანაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ კომისიის მუშაობა იყო წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი, რაშიც ამომრჩეველმა მხარი დაგვიჭირა
“კომისია იმუშავებს სრულ სპექტრზე ინფორმაციის ანალიზისა. იქ, სადაც საქმე გვექნება სისხლის სამართლის დანაშაულთან კონკრეტული პირებისა, ეს ნაწილი გადაეგზავნება პროკურატურას. ამას მოითხოვს კანონი. ხოლო დანარჩენი ნაწილი, რაც პოლიტიკური შეფასების ნაწილი იქნება, რაც შეიძლება მომავალში გამოყენებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, იმის მიხედვით თუ რა მასალა შეგროვდება შემდგომში იქნება მიღებული გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს სიახლე არ არის და „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით დაპირება ჯერ კიდევ არჩევნებამდე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა.
„კომისია შეზღუდული არ არის, ის იმუშავებს მთელს ინფორმაციაზე და მოხდება ამ ინფორმაციის ანალიზი, დამუშავება და ორივე მიმართულებით, როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიმართულებით იქნება გადადგმული შემდგომი ნაბიჯები.
ეს სიახლე არ არის. ამას ჩვენ არჩევნებამდე ვაცხადებდით. ეს ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდა, რომ ამის გაკეთებას ვაპირებდით და ჩვენ მოგვცა უმრავლესობამ ხმა. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ კომისიის მუშაობა იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი, რაშიც ამომრჩეველმა მხარი დაგვიჭირა. ასე, რომ ამ საკითხში მარტო არ ვართ!“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.