“ოცნებამ” “ნაციონალები” გაათეთრა, თუნდაც იმიტომ, რომ ახალაიას ბრალი ვერ დაუმტკიცეს – ბურჯანაძე

თუ „ქართული“ ოცნება ასე გააგრძელებს, ძალიან დიდი შანსი არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” სახეშეცვლილი ფორმით ხელისუფლებაში მობრუნდეს, – ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2″- ის ეთერში განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმითვე, „ქართულმა ოცნებამ” შეგნებულად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” გაეთეთრებინა.
„მათ გათეთრებაში თუნდაც იმ სამარცხვინო სასამართლო პროცესებს ვგულისხმობ, როდესაც ახალაიას წესიერად ბრალი ვერ დაუმტკიცეს, როდესაც უგულავა ამდენს ლაპარაკობს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს აჩუქა და ახლა პატრიოტიზმზე საუბრობს. ვინ ლაპარაკობს პატრიოტიზმზე, ყველაფერს საზღვარი ხომ აქვს?! სააკაშვილის პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ 2008 წლის აგვისტოში საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში ვიყავით, ოღონდ ჩვენ ეს ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ფასად დაგვიჯდა”,-განაცხადა ბურჯანაძემ.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ასევე აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალური ხელისუფლებაა, რომელიც ვერ უნდა მობრუნდეს და ვერც მობრუნდება ხელისუფლებაში. მისივე თქმით, „ქართული ოცნება” საბედნიეროდ, კრიმინალური არ არის, მაგრამ სამწუხაროდ უუნაროა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები