შინდისი-კრწანისის მიმართულებით ახალი გზა მოეწყობა

მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა შინდისიდან კრწანისის მიმართულებით აშენდება.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ამ სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, წყნეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან, შინდისიდან, წავკისიდან, ტაბახმელიდან და სხვა დასახლებებიდან თბილისისკენ მომავალმა სატრანსპორტო ნაკადმა მაქსიმალურად დატვირთა სოლოლაკის ისედაც ვიწრო და გადამჭიდროვებული ქუჩები.
სატრანსპორტო მოძრაობის ნაკადების გაზრდის გამო, სოლოლაკის ქუჩები ზენორმატიულ გადატვირთვებს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ განაშენიანებას. ამასთან, პრობლემები შეექმნა მოქალაქეთა კომფორტულ და დროულ გადაადგილებასაც.
“მოძრაობის განსატვირთავად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა, რომელიც დღეს არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შინდისიდან კრწანისის მიმართულებით მოეწყოს ახალი გზა, რაც მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას შექმნის.
არჩეული მიმართულება – შინდისი-კრწანისი – წარმოადგენს გრუნტის არსებულ გზას, რომლის გაფართოვება-კეთილმოწყობით მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის გადანაწილება. გზა შინდისიდან დაიწყება, გაივლის კრწანისს და შეუერთდება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს. ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებმა საპროექტო მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დაასრულეს. წინადადება წარედგინება თბილისის საკრებულოს, რის შემდეგაც გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება“,- აღნიშნავენ მერიაში.
აღნიშნული გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები