დავით ნარმანია: ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაგვიზრდია

ჩვენ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაგვიზრდია, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ნარმანიას თქმით, მერიის თანამშრომლებმა ქამრები შემოიჭირეს და ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად დაზოგეს იმისათვის, რომ სწორედ ამ საბიუჯეტო კრიზისის პირობებში დაეფინანსებინათ სხვადასხვა სახის პროექტები და პროგრამები.
მისივე თქმით, მერიაში სახელფასო დანამატები მანამდეც არსებობდა. “ჩვენ არსებითად არაფერი შეგვიცვლია, გარდა მცირედი კორექტირებებისა, ვინაიდან საბიუჯეტო წელი არის წლის ბოლომდე, ეს, როგორც დროებითი განკარგულება, იქნა მიღებული წლის ბოლომდე. ამავდროულად, ჩემი დავალებით მაშინვე დაიწყო მუშაობა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ წესზე, რომელზეც ჩვენი სამსახურები მუშაობენ და მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაგვიზრდია, ვიტყვი იმას, რომ ქამრები შემოვიჭირეთ და ადმინისტრაციული ხარჯები დავზოგეთ მნიშვნელოვნად იმისათვის, რომ სწორედ ამ საბიუჯეტო კრიზისის პირობებში დაგვეფინანსებინა სხვადასხვა სახის პროექტი და პროგრამა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. დავით ნარმანიამ მერიის ორგანოების თანამშრომლებზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს. დოკუმენტის მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები