პრეზიდენტი: პუტინი საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის რთული საკითხების გადამწყვეტი ადამიანი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პუტინი მისთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი, – ამის შესახებ მან ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.
“რთულია ასეთ ღია დისკუსიაში პუტინზე საუბარი. ვფიქრობ, პუტინი ჩემთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, იმედი მაქვს, ის არის რაციონალური, რაციონალური პოლიტიკის მომხრე და ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში შესაძლებელი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობების აგება. მე ამის იმედი მაქვს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, არსებობს თუ არა რუსეთისგან კიდევ ერთი სამხედრო აგრესიის საფრთხე, მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინიდან გამომდინარე ვხვდებით ხოლმე მომსწრე იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას უცბად ჩნდება დაძაბულობის კერები.
“თუ პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთის სიძლიერე უნდა აღდგეს არა კეთილმეზობლობით, არამედ სამხედრო აგრესიით, იმის მიუხედავად, რომ ამით შესაძლებელია კონკრეტულ მომენტებში პატარ-პატარა სარგებელი ნახოს, საბოლოოდ, ეს არ არის მომგებიანი პოლიტიკა. შეიძლება, რუსეთისთვის ცხინვალის ოკუპაცია გარკვეულ მომენტებში საინტერესო იყოს ძალის დემონსტრირების თვალსაზრით, მაგრამ შორს მიმავალ გეგმებში ცხინვალის რეგიონი მისთვის ეკონომიკურად საინტერესო ვერ იქნება და ვერაფერს მოუტანს რუსეთის სახელმწიფოს. კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ტერიტორიები. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა ასეთი უხვი ტერიტორიული თუ ბუნებრივი რესურსით. ამ უზარმაზარი, ნახევარი გლობუსის ხელა ქევყნისთვის ცხინვალის დამატება, ვფიქრობ, არანაირი ლოგიკით არ შეიძლება აიხსნას. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ გარკვეულ მომენტში ყველა დეტალურად გავიაზრებთ იმას, რომ ამ აგრესიული ქმედებებით შეუძლებელია მიიღო რამე სახელმწიფოებრივი სარგებელი. ასეა ცხინვალისა და აფხაზეთის შემთხვევაშიც – აქ მოგებული არავინაა. რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წავაგეთ. ასევე იქაური მოსახლეობა ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიებზე, ამ კვაზისახელმწიფოებში, ამის შედეგად არც მათი ცხოვრება გამოსწორებულა, შესაბამისად, მათაც წააგეს. იქაური მოსახლეობა ჩვენთან გადმოსვლას და ურთიერთობას ცდილობს. სურთ, რომ სოციალური დახმარება მიიღონ ქართული სახელმწიფოსგან და ამიტომაც უვლებენ მავთულხლართებს. იქიდან აქეთ წამოსვლა უნდა ხალხს. რუსეთმა ამხელა ტერიტორიას მიამატა ცხინვალი და ამით საერთაშორისო არენაზე სერიოზული დარტყმა მიაყენა საკუთარ თავს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები